22 მაისი 2024,   02:41
ვრცლად
საქართველოში სასწავლო წელი დაიწყო

დღეს 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებებში სწავლა დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო 6 სკოლაში.

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს სიახლეებიტ ხვდება. მინისტრის, თამარ სანიკიძის, თქმით, ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სკოლები უზრუნველყოფილია ინვენტარით, ასევე ტრანსპორტით, წიგნებითა და კომპიუტერებით. სანიკიძე აღნიშნავს, რომ არის პროგრამული ცვლილებებიც - გაიზარდა სასწავლო წლის ხანგრძლივობა, მეორე სავალდებულო უცხო ენის სწავლება კი იწყება მე-5 კლასიდან. ინტენსიური გახდება სასკოლო სერვისები, როგორებიცაა ფსიქოლოგის მომსახურება. ასევე გაიზრდება მშობლების ჩართულობა.

სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „ჩემთვის, როგორც ყოფილი პედაგოგისა და რექტორისათვის, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღრმად მწამს, რომ თითოეული მოქალაქის ინტელექტი და შესაძლებლობები ის ფუნდამენტია, რომელზეც ქვეყნის სიძლიერე, კეთილდღეობა და მშვიდობა შენდება. ამდენად, ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესი არსებითია ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის“.

საქართველოს პრემიერი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მან ადმინტრაციულ კორპუსში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა, გაეცნო ელქტრონულ ბიბლიოთეკას. პრემიერმა სტუდენტებს სიტყვითაც მიმართა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე, სტუდენტების ინიციატივით, კონცერტი გაიმართება.

დღის ამბები